ასოციაცია HERA XXI-ის დისტანციური სერვისები
„ახალგაზრდებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი უჭირთ“ – რა უპირატესობა აქვს „HERA XXI“ – ის დისტანციურ სერვისებს?
ტექნოლოგიების განვითარებამ თანამედროვე მსოფლიოში არაერთი პრობლემა გადაჭრა. მოქალაქეებს ისეთ სერვისებზე გაუმარტივდათ ხელმისაწვდომობა, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ინოვაციების დანერგვის კუთხით, გამონაკლისი არც სამედიცინო სფეროა, სადაც ციფრული კომუნიკაცია დღითიდღე უფრო ეფექტური და ფართომასშტაბიანი ხდება.
დისტანციური სერვისები განსაკუთრებით იმ დასახლებებისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარეობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც თავს ისეთი პრობლემები იჩენს, როგორებიცაა ინტერნეტთან ხელმიუწვდომელობა, ჯანდაცვის სერვისების შესახებ ნაკლები ინფორმაცია, სათანადო უნარების არცოდნა და ა.შ.
საქართველოში ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის და ხარისხიანი მომსახურეობის ხელმისაწვდომობის დაბალი დონე, მნიშვნელოვან გამოწვევადაა მიჩნეული 2023-2026 წლების სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრატეგიაშიც, რომლის ამოცანებია:
- მოზარდ-ახალგაზრდებისთვის მათი უფლებების, ჯანმრთელობისა და სხვა საკითხების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობების არსებობა;
- ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი ჯანდაცვის (განსაკუთრებით – სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის) სერვისებზე ხელმისაწვდომობა და სოციალიზაციის განვითარებისთვის საჭირო ალტერნატიული სივრცეების შექმნა.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ ასოციაცია HERA XXI სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული პროგრამა დანერგა, რაც ონლაინ სფეროში ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, ონლაინ კომუნიკაციას და მხარდაჭერას გულისხმობს.
ორგანიზაცია თავისი პროექტებითა და პროგრამებით, ხელს უწყობს ახალგაზრდებსა და ფერტილური ასაკის მოსახლეობაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ფორმალური და არაფორმალური განათლებით, ადვოკატირების კამპანიებით, მოხალისეთა და სათემო ჯგუფების შექმნითა და მხარდაჭერით.
„წინა წლებთან შედარებით, დისტანციური სერვისებით სარგებლობის ტენდენცია დადებითია, თუმცა მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლების მიმართვიანობის პრობლემები ძირითადად სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ არასათანადო ცოდნით და რეგიონებში, ინტერნეტის დაბალი ხარისხითაა განპირობებული. დასახელებული მიზეზების მიუხედავად, 2021 წლიდან დღემდე, „ასოციაციის HERA XXI“ სერვისებით ჯამში 2 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. მათგან 30%-ს ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც სერვისებს ძირითადად, ონლაინ ჩათების მეშვეობით იღებენ“,-ამბობს HERA XXI -ის ხელმძღვანელი, ნინო წულეისკირი.
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, „ასოციაცია HERA XXI-ის“ სერვისებით სარგებლებენ, როგორც ახალგაზრდა გოგონები (18-25 წლამდე ), ისე ფერტილური ასაკის მქონე ქალები. როგორც ასოციაციაში ამბობენ, ძირითადი მოთხოვნა სერვისის მიმართ 17-დან 45 წლამდე ასაკის ქალების მხრიდან ფიქსირდება. თუმცა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე მაღალი ხელმისაწვდომობის მიუხედავად, (მოსახლეობის 90% მოიხმარს ინტერნეტს), საქსტატის ინფორმაციით, ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს მხოლოდ – 50.5% იყენებს, აქედან ქალი – 61.3%, კაცი – 37.7%; ხოლო 48.9% – ახალგაზრდა ასაკზე მოდის.
კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობს HERA XXI“ – ბენეფიციარებს ?
„ასოციაცია HERA XXI“ – ბენეფიციარებს ექიმ-რეპროდუქტოლოგისა და იურისტის უფასო, პირისპირ და ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს, რაც ხელს უწყობს რეპროდუქციულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას და იურისტის მიერ გენდერულად სენსიტიური და უფლებრივი მიდგომებით, რჩევების მიღებას.
„ოპერატორ-მონაცემთა ანალიტოკოსი არის პირველი რგოლი რომელთანაც დაკავშირების შემდეგ ბენეფიციარი იღებს სრულ ინფორმაციას, სერვისის ცხელი ხაზისა და კონსულტანტების შესახებ. კერძოდ, რეაგირება ხდება სწრაფად. ბენეფიციართან ვაკავშირებთ სპეციალისტს და საჭიროებიდან გამომდინარე ვამისამართებთ ექიმ გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგთან, იურსიტთან, ოჯახის ექიმთან. ასევე, ვთაზობთ ონლაინ ჩათით სარგებლობას, სადაც შეუძლიათ აღწერონ მათი პრობლემა და დაელოდონ პასუხს. ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე, ასოციაცია HERA-ს ერთ-ერთი სერვისი ონლაინ ვიდეო კონსულტაციასაც ითვალისწინებს“,– აცხადებს სერვისის გუნდის წარმომადგენელი, ანალიტიკოსი, თიკუნა გოლიაძე.
ქალების წინაშე მწვავედ დგას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ხარისხიანი, კონფიდენციალური და ანონიმური კონსულტირების საკითხი. სწორედ ამიტომ, „ასოციაცია HERA XXI“ სოფლად მცხოვრებ ქალებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, სთავაზობს უფასო დისტანციურ კონსულტაციებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ, რაც მოიცავს შემდეგს:
- ადრეული ქორწინების და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება;
- კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები და მისი გამოყენება, როგორც დაუგეგმავი
- ორსულობის თავიდან აცილება;
ორსულობის უსაფრთხო ხელოვნური შეწყვეტა და ქალის არჩევანი; - სექსუალურ და რეპროდუქციულ სფეროში ახალი რეგულაციების განმარტება ბენეფიციარებისთვის;
- სექსუალური ძალადობის თავიდან აცილების შესახებ რჩევები;
- ძალადობის მსხვეპლის რჩევა-დახმარება და სანდო სერვისებზე რეფერირება და მომხმარებელთან მუდმივი უკუკავშირი;
- კიბერუსაფრთხოება ანუ ინფორმაციული უსაფრთხოება და ბულინგის პრევენცია;
- ორსულობის დროს საყოველთაო დაზღვევის პაკეტის გამოყენება/ანტენატალური ვიზიტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
„ამ სერვისებით სარგებლობისთვის უნდა მოგვმართოს ჩვენ, – HERA XXI -ის გუნდს. აქვე მივმართავ მათ:
„შენი უფლებაა – სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თავისუფლება!
შენ უფლებაა -დამოუკიდებლად გადაწყვიტო, იყოლიო თუ არა შვილი, რამდენი და რა ინტერვალით!“ – განმარტავს იურიდიული სერვისების წარმომადგენელი ანნა თვარაძე.
„ასოციაციის დისტანციურ სერვისებს ახალგაზრდა და ფერტილური ასაკის პაციენტები ძირითადად რეპროდუქციულ-სექსუალური ხასიათის ჩივილებით მიმართავს, როგორიცაა: მენსტრუალური არარეგულარული ციკლი ფერტილური ასაკის ქალებში, პირველი სექსუალური კავშირისთვის მომზადება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება, უსაფრთხო აბორტის მეთოდები და ამ სერვისების შესახებ ინფორმაცია, დაუგეგმავი ორსულობისგან თავდაცვა, წონის მატება და ჭარბთმინობა. შესაბამისად, მჭირდება კოლეგა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან გადამისამართება. დანარჩენ შემთხვევებში მომმართავს ქრონიკული დაავადებებით დატვირთული ასაკოვანი კონტიგენტი, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი მეთვალყურეობა და ქრონიკულად დანიშნული მედიკამენტების კორექცია-მონიტორინგი. ხშირია მომართვიანობა ისეთ მდგომარეობებზე როგორიცაა: გ.ი.დ. გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები და სხვა.“-განმარტავს ოჯახის ექიმი თამარ მაღრაძე.
რა უპირატესობა აქვს ახალგაზრდებისთვის „ HERA XXI“ – ის მიერ შეთავაზებულ სერვისებს?
ასოციაცია HERA XXI 2022 წელს, AMAZE-ს საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ორგანიზაციად დასახელდა, რითიც მოიპოვა წვდომა AMAZE-ს ანიმაციურ ვიდეოებზე, რაც გულისხმობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული ინფორმაციის/რესურსების საქართველოს კონტექსტზე მორგებას, ადაპტირებას, თარგმნას ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ჟესტურ ენებზე. https://www.youtube.com/watch?v=sFQAQur3zTg
ბენეფიციარებთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, HERA XXI-ის მომზადებული ახალგაზრდა სათემო ლიდერების და კონსულტანტების მიერ, ტარდება გასვლითი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ველზე. ამ გზით, ორგანიზაცია ცდილობს მოსახლეობას სერვისების შესახებ დეტალური ინსტრუქციები და ახსნა-განმარტებები მიაწოდოს.
“როგორც ასოციაცია HERA XXI-ის გადამზადებული მობილიზატორი, თემში ვმართავდი შეხვედრებს, სადაც ხდებოდა სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მოსახლეობის პრობლემების გამოკვეთა. ვარიგებდით საინფორმაციო მასალებს, ასევე თვალსაჩინოდ გავაკარით პლაკატები, კონსულტაციების შემთხვევაში კი საჭიროებისამებრ ვეხმარებოდით ბენეფიციარებს ორგანიზაციის ექიმთან თუ იურისტთან დაკავშირებაში. თემში მუშაობისას გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული უფასო სერვისების შესახებ, ტრანსპორტირების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო ფრაგმენტულად მიეწოდებათ ოჯახის ექიმის/სოფლის ექიმის მომსახურეობა. მოსახლეობას ფინანსების, ტერიტორიული და ტრანსპორტირების ბარიერის გამო უჭირს ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაცია”, -ამბობს ასოციაციის მობილიზატორი ერგნეთში, მაგული ოქროპირიძე.
ორგანიზაციის შეფასებით, დისტანციური სერვისების (მათ შორის ფეისბუქ-გვერდი, ცხელი ხაზი: 0322 01 12 21, ვიდეო კონსულტაცია და ონლაინ ჩატი) სრულად ასათვისებლად მოსახლეობაში, ციფრულ ტექნოლოგიაზე მეტი ხელმისაწვდომობაა აუცილებელი.
გაუმჯობესებული წვდომა ინფორმაციასა თუ რესურსებზე ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, მათი სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ, რაც საბოლოოდ, მათ მომავალსა და სიჯანსაღის ხარისხზე აისახება.
სასარგებლო ბმულები:
ოჯახის ექიმის კონსულტაცია:
https://heraxxi.my3cx.eu:5001/callus/#chat
ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია:
http://live.hera-youth.ge/livezila/chat.php?ptl=ka&hfk=MQ__
იურისტის კონსულტაცია: https://chat.hera-youth.ge/chat?locale=ka
ასოციაცია ,,HERA XXI”-ის ვებ-გვერდი: https://hera-youth.ge/
სერვისის facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100063542829577
სერვისის facebook ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/4418288714890720