Search
Close this search box.

ცოცხალი ისტორია ოჯახში ძალადობაზე

ცოცხალი ისტორია ოჯახში ძალადობაზე

ცოცხალი ისტორია ოჯახში ძალადობაზე

ოჯახი რომ შევქმენი, პატარა არ ვყოფილვარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას თურმე.

ძალიან ნაჩქარევად გადავდგი ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. გაცნობიდან ერთ თვეში დავქორწინდით. გაცნობის დღიდანვე მაოცებდა თავისი მჭევრმეტყველებით, გარეგნობით, ინტელექტით, სიურპრიზებითა და ორიგინალურობებით. მეც ვიფიქრე, იდეალურ ადამიანს შევხვდი-მეთქი და მალევე შემიყვარდა.

ჩემი ოჯახი კარგი სოციალური მდგომარეობით შეიძლება დახასიათდეს, როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ ეს იყო თურმე ის გზა, რამაც ჩემი ყოფილი ქმარი ჩემამდე მოიყვანა. სამედიცინოზე ვსწალობდი და ქორწილის შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემს ბინაში. ის არ მუშაობდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ სიტუაცია აირია. როცა მე უნივერსიტეტში მივდიოდი და მას ბავშვის მოვლა უწევდა, არ მუშაობდა და ვერაფერს ვხედავდი ცუდს და გაუგებარს იმაში, რომ ბავშვის მოვლაში მაინც დამხმარებოდა, იქამდე მაინც მიეხედა სანამ მე დავბრუნდებოდი. თავიდან ამ საკითხს დადებითად ეკიდებოდა და იშვიათად თუ გამოთქვამდა პრეტენზიას. შემდეგ აზარტულ თამაშებს მიჰყო ხელი და წაგების მეტს არაფერს აკეთებდა, ფულს, რა თქმა უნდა, მე მთხოვდა და აქედან დაიწყო სწორედ ჩვენი კამათი, რომელიც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა. დრო გადიოდა და ყველაფერი უკეთესობის ნაცვლად უარესობისკენ იცვლებოდა.

ძალადობრივ გარემოში მცხოვრები ბავშვი

ბავშვიც წამოიზარდა და მეტი მოთხოვნებიც უჩნდებოდა, თამაში უნდოდა და როცა მამამისს სთხოვდა რამეს, ის გაღიზიანებული იშორებდა თავიდან ან უარეს შემთხვევაში წაუთაქებდა კიდეც, რაზეც ისტერიკა მემართებოდა და მორიგი ჩხუბის სერია იწყებოდა. ვცდილობდი მდგომარეობა როგორმე გამომესწორებინა, მაგრამ ყველაფერი დღითიდღე უარესდებოდა. როცა სახლში ვბრუნდებოდი ბავშვი ან დაძინებული მხვდებოდა ან დიდი ხნის ძილისგან თვალებჩასიებული. თურმე ხელი რომ არ შეეშალა ბავშვს თამაშისას, ძალით აძინებდა და ბავშვს შიშისგან სხვა გამოსავალიც არ რჩებოდა. ამ ქმედებამ ინტენსიური ხასიათი როცა მიიღო, გადავწყვიტე დაუყოვნებლივ რამე ზომა მიმეღო. ქმართან ჯერ მშვიდად ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ისე იყო გაღიზიანებული, რომ პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდა და უკან რომ არ დავიხიე, როგორც ჩვეულებისამებრ, რადგან აქ საქმე უკვე შვილს ეხებოდა, ხელი დამარტყა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. ეს ჩემთვის საშინლად შეურაცხმყოფელი იყო და გადავწვიტე პირველივე შემთხვევისთანავე სახლიდან წამოვსულიყავი, იმიტომ რომ მაგას ვერანაირი ძალისხმევით ვერ გავაგდები ჩემი სახლიდან. ვიცოდი, ჩემი მშობლები მხარს დამიჭერდნენ, ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი ესე თამამად. რა თქმა უნდა, ჩემი იმედები გამართლდა მშობლების მიმართ და წამოვედი სახლიდან.

ძალადობის ციკლურობა

სამი დღე გავიდა და მოვიდა ბოდიშებით, ახსნა-განმარტებებით, საქციელის გამოსწორების დაპირებებით. უარით გავისტუმრე, მაგრამ ყოველდღე გრძლედებოდა მისი ეს საქციელები და მეც თავი დავაჯერე, რომ გულრწფელი იყო, თან ბავშვსაც ენატრებოდა მამა და დაბრუნება გადავწყვიტე. პირველი ერთი თვე ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. ჩემთვის აუტანელი იყო ეს სიტუაცია, თან როცა პარალელურად ვსწავლობდი, თან სამედიცინოზე და საკამოდ მოწადინებული სტუდენტიც ვიყავი. ჩვეული ჩხუბი უკვე ცემაში გადაიზარდა. ამ სცენის მერე იმდენად გადასხვაფერდებოდა, რომ მეგონა სხვა ადამიანი იდგა ჩემ წინაშე – მეფერებოდა, პატიებას მთხოვდა, ტიროდა კიდეც და იმდენად შემაცოდებდა ხოლმე თავს, რომ დალურჯებამდე ცემის შემდეგაც კი ვაპატიე. გავიდა დრო, ამჯერადაც როგორც ყველა ჩხუბის შემდეგ კარგად მიდიოდა ყველაფერი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნივერსიტეტში გადატვირთული რეჟიმის გამო სახლში მოსვლა მაგვიანდებოდა და ვუხსნიდი რატომაც მაგვიანდებოდა, თავიდან იგებდა, მაგრამ ბოლო დღეს, როცა დამაგვიანდა ისეთი სახით დამხვდა სახლში, რომ ვიცოდი კარგი დღე არ დამადგებოდა. არც კი მაცადა რამის ახსნა ისე დამარტყა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დარტყმას არ დასჯერდა, იარაღით დამადგა და მოკვლით მემუქრებოდა.

ჩარევის აუცილებლობა – ძალადობა არ უნდა დარჩეს ოჯახში

მე ყვირილი დავიწყე, ჩემს ყვირილზე მეზობლებმა შემოანგრიეს კარი და სიკვდილს გადამარჩინეს. მაშინ ზუსტად გადავწყვიტე, რომ მე მასთან არც ერთი წუთით არ გავჩერდებოდი, არც ერთ შემთხვევაში. ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას ჩემი შვილი ასეთ გარემოში გაზრდილიყო. ამჯერად ის სახლიდან გავაგდე. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რადგან გვერდში დამიდგნენ და თავი უმწეოდ არ მაგრძნობინეს. იმდენად დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ეს ჩემთვის, რომ კარგა ხანს დეპრესიიდან ვერ გამოვედი, მაგრამ მეგობრების, მშობლებისა და საკუთარი თავის შემართებით ფეხზე წამოვდექი, მე ვიცოდი რომ შვილი უნდა გამეზარდა და ყველაფერი მეცადა იმისთვის, რომ მისთვის ის საშინელი კადრები დამევიწყებინა, რაც ამ ხნის განმავლობაში ქონდა ნანახი.

ცხოვრება ძალადობის შემდეგ

რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ შევძელი ჩვეულ რეჟიმში ჩავმდგარიყავი. ის ისევ ცდილობდა ჩემამდე მოსვლას, მაგრამ  მე მას ყველა ჩემამდე მოსასვლელი გზა გადავუჭერი და საბოლოოდ იურიდიულად გავეყართ ერთმანეთს. შვებით ამოვისუნთქე და უფრო შემართებით გავაგრძელე ცხოვრება. წარმატებით დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც. პარალელურად ვცდილობდი სამაგალითო შვილი გამეზარდა და დღემდე ვცდილობ ამას და მგონი გამომდის. არაფერი დაკლებია ჩემს შვილს, არც უმამობა უგვრძნია, მაგასაც ვითავსებ და შევითავსებ კიდეც სანამ ფეხზე ვდაგვარ, რადგან მამამისს განშორების შემდეგ არც ერთხელ ჰქონია შვილის ნახვის სურვილი. მე დღეს ვარ შემდგარი ქალი, მაქვს ჩემი პროფესია და ვარ ყველაფრით უზრუნველყოფილი, ვცხოვრობ მშვიდად და ბედნიერად. მივიჩნევ, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო გვერდით მამაკაცი, მითუმეტეს მოძალადე მამაკაცი.

რას ვურჩევდი სხვებს

მინდა, ყველა იმ ქალს მივმართო, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, რომ არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად მისგან სილა ავიტანოთ, არცერთი არ არის შანსის მიცემის ღირსი. ცხოვრება იმისთვისაა, რომ იყოთ ბედნიერები და არა იმისთვის, რომ მოძალადეებს შესწიროთ და შიშის ქვეშ იყოთ. არ იცხოვროთ მოძალადესთან იმის შიშით ,,მეზობლები რას იტყვიან“, „ნათესავები რას იფიქრებენ“, „შვილს როგორ ავუხსნა“,  პირიქით, სწორედ შვილის ბედნიერებისთვის და და მისი სწორად აღზრდისთვის უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. არ მოითმინოთ! არ შეგეშინდეთ! იყავით ბედნიერები, იმსახურებთ!

რესპონდენტი, 38 წლის, ვინაობა ანონიმურია 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.